ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები!
სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.
ჰელოუინი (ინგლ. Halloween) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და ჩრდიოლოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება. ჰელოუინი 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბერის ღამეს აღინიშნება.
მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში
ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის წარმოშობის სიკვდილისაგან. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათი რწმენის შესაბამისად, 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.
ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმათ ღვთაებას სამჰეინს (Samhain), რომელსაც თაყვანს სცემდნენ. კელტების ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს _ კერიაში, კოცონს, ფარნებს, ჩურაღდნებს და ასე წყვდიადში ხვდებოდნენ "დღესასწაულს". მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებლის, ბნელეთის ბოროტი სულისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვილთა სულებს "ნებას დართავდა" ამ დღეს თავიანთ სახლებში "ესტუმრათ". ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ქუჩებში ხეტიალი _ მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.
ამ წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე "გართობა" - თრიცკ-ორ-თრეატ, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვენის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვილთა სულები წყვდიადის, სიცივისა და სიკვდილის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან. ამ დღეს კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რმწნის თანახმად, თუკი სულებს არ "დააპურებდნენ" სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს.
დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია"ჯეკის ფარანი" (ინგლ. jack-o’-lantern), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლოს უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკიზე, რომელიც იყო აზარტული თამაშების მოყვარული ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში (რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში). Aმიტომ მისი სული დახეტიალობს სამყაროში გოგრის თავით და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა.
ჰელოუინის კოსტუმები ჯადოქრობის თემის შესაბამისად არის შექმნილი. ამ დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ; ვისაც შემოხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. "trick-or-treating" - ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამვნო ოინს უწყობენ. ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამსაპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის ანუ თავად სატანისათვის ძღვენის მიტანას, ე. წ. ჯეკს ფარანის ("Jack O’Lantern") დანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული"კანდელია".
ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.
ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წამართული ტრადიციის საპირისპიროდ დაამთხვიეს ამ დღეს – ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა. სიტყვა სიტყვით Halloween - All Hallows’ Even Eვენ (შემოკლებით "Hallow E’En.") ითარგმნება, როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ შეცდომით Halloween ეწოდა.
ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამიტომ ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს: ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ესეც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ ამ "დღესასწაულზე".
ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე All Hallows Even თანდათანობით განდევნის წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასწაული შეერყა ამ დღეს, მოგვიანებით კი სრულიად გამოდევნა თავისი შინაარიდან წმინდანთა ხსენება და იქცა ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად.
ეს ზეიმი ამერიკაში ირლანდიელებმა და შოტლანდიელებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი ფართოდ აღინისნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ამ დღეს ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა. შ. ბიზნესმენებმა ამ ზემის შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც მილიონობით დოლარის ნაწარმს ჰელოუინის ატრიბუტებს უშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური და აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში.
აშშ-დან ეს ზეიმი კვლავ ევროპაში შეიჭრა და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო.
ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. "ვამპირთა ქორწინებით", რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს "ჯვარს სწერს" საფლავიდან წამომდგარი დრაკულა. ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ.
ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის აზრით, "ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის; იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე, _ ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვრობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს. ამ დღეს ბავშვებისათვის ნორმად იქცევა ადამიანების მსხვერპლშეწირვის განსახიერება, ადამიანის ტანჯვისა და სიკვდილის დაცინვა, რაც შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს და ნეგატიურად არ აისახოს არა მარტო მოზარდის ფსიქიულ მდგომარეობაზე, არამედ მის შემდგომ პიროვნელ განვითარებაზეც. ცნობილია მრავალი ფაქტი, როდესაც ჰელოუინის ზეიმის დღეს იპოვეს რიტუალურად მოწამლული, მოკლული, ჩამოხრჩობილი, დამწვარი ადამიანები. თუნდაც რად ღირს შარშან შვეციაში დისკოთეკაზე მოწყობილ ხანძარში დაზარალებული 200 მოზარდის გახსენება!.."
ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა.
ფსიქოლოგების აზრით ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ჯგუფური ეფექტი, ნეგატიური აღზნება ახდენს ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილსა და ბოროტზე ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება _ აღრეულია ცნებები მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში ჰელუინი - ყოველთა წმინდანთა ხსენება – არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. ამ დღეს მოხნილია ადამიანის ფსიქიკაში არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები მონაწილეობენ დიდ სიბილწეში თამაშის ფორმით. ისინი მიირთმევენ ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და მსხვერპლის სისხლის ფორმის ტკბილეულს.
2,5 მილიარდი დოლარი ატრიბუტების წარმოებისთვის
ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) წერს: "ზეიმი Halloween ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას... ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტეს მაცხოვარმა გვითხრა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ჩვენი საქმე არის მიმართულია ან უფლისაკენ ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!..."
ჰელოუინის ნეოწარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს, როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა. რამდენიმე წლის წინ მსგავსი პოზიცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქომაც.
ჰელოუინის აღნიშვნასთან დაკავშირებით იდენტური, ნეგატიური პოზიცია აქვს პრაქტიკულად ყველა რელიგიურ კონფესიას.
ინტერვიუ მამა დავით ისაკაძესთან
-მამაო, შარშან თბილისის მერის ხელშეწყობით დიდი პომპეზურობით აღინიშნა "ჰელოუინის" დღე თბილისში. შარდენის ქუჩაზე ეშმაკის ფორმებში გამოწყობილ გოგონებსაც კი გადავაწყდი. იგივე მოხდა წელსაც. რა "დღესასწაულია" ეს საერთოდ და რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის მისი პოპულარიზაცია?
-"ჰელოუინი" სატანური რიტუალია და ის რომ დღეს ესოდენ დიდი პომპეზურობით აღინიშნება საქართველოში, მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ეს კიდევ ერთი საშუალებაა მართლმადიდებელ ეკლესიასთან საბრძოლველად და ჩვენი მომავალი თაობის სულიერების დასანგრევად. რაც შეეხება "ჰელოუინის" საკარნავალო სახეს, ეს მხოლოდ შირმაა საიმისოდ, რომ ამ დღის სატანური შინაარსი შეინიღბოს. განდობილთათვის "ჰელოუინი" სულ სხვა სახით აღინიშნება. სატანურ საკრებულოში მსახურთათვის სპეციალური რიტუალი ტარდება, რომელიც სატანისადმი მსხვერპლშეწირვით მთავრდება და ეს ადამიანური სისხლით აღესრულება. საქართველოში უკვე არის ამგვარი შესაკრებლები. იქვე იკრიბებიან როკერებიც, რაც ასევე სატანურო მოძრაობის ნიღაბია. ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა: ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა და მიამბო, თუ როგორ მოხდა ახლობლის მეშვეობით სატანის კულტის თაყვანისმცემელთა შორის, სადაც მონაწილეებმა გადაიჭრეს სისხლძარღვები და შემდგომ ამ სისხლს "ეზიარნენ". ეს მათთვის ერთერთი მთავარი რიტუალია და გარკვეულწილად, ქრისტიანული ზიარების პაროდიას წარმოადგენს. მსხვერპლშეწირვისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისინი ქრისტიანის სისხლის დაღვრას ანიჭებენ.
-მამაო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წელს დაგეგმილი იყო "ჰელოუინის" უფრო მასშტაბური აღნიშვნა, განსაკუთრებით განათლების სისტემაში. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
-რამდენადაც ცნობილია, ამ დღის აღნიშვნას აპირებდნენ ყველა სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში. "მშობელთა კავშირის" თაოსნობით დარიგდა ინფორმაციული ბუკლეტები "ჰელოუინის" შესახებ, რის შემდეგაც ბევრმა სკოლამ და უმაღლეს სასწავლებელმა უარი განაცხადა ამ დღის აღნიშვნაზე. ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჰელოუინის" აღნიშვნასთან დაკავშირებით ეწყობა "სადღესასწაულო" მარათონი "ვარდების რევოლუციის მოედნიდან" მოედნიდან "თავისუფლების მოედნისკენ", მონაწილენი კი შემოსილნი იქნებიან "ჰელოუინის" სიმბოლიკით. ეს, ფაქტიურად, გარკვეული ქადაგება-პოპულარიზაციაა ამ დღის.
-რამდენად მართალია, რომ "ჰელოუინის" აღნიშვნა-ორგანიზებას ახორციელებს აშშ-ს საელჩო?
-ამის დამადასტურებლად ოფიციალური დოკუმენტური მასალა არა გვაქვს, თუმცა კულვალურად ყველა ამაზე საუბრობს. მით უფრო, რომ "ჰელოუინს" ძირითადად აშშ-ში აღნიშნავენ დიდი პომპეზურობით, თუმცაამჟამად იქაც აიკრძალა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში აღნიშვნა, რადგან იმდენად ნეგატიური შედეგები მიიღეს დეპრესიების, კრიმინალის, თვითმკვლელობების სახით, რომ იძულებულნი გახდნენ ამგვარი შეზღუდვები დაეწესებინათ.
-"ჰელოუინის" კულტის ფანერგვა ქართულ სინამდვილეში ძალაუნებურად მახსენებს პრესაში, კერძოდ "ალია-ჰოლდინგის" გამოცემებში ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ აჟიოტაჟს, რასაც მოჰყვა "თავისუფლების ინსტიტუტის" თავხედური გამოხტომა პატრიარქის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს ანტიმართლმადიდებლური, ნეობოლშევიკური კამპანია ერთი სცენარის სხვადასხვა პასაჟი ხომ არ არის?
ამ ყველა მოვლენას ერთი საერთო მიზანი აერთიანებს: ჩირქი მოსცხონ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს და ავტორიტეტულ პიროვნებას, ანუ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პატრიარქს, აქ საეჭვოც კი არაფერია.
-ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილი გამონათქვამია: "კომუნიზმის შემდგომ ბოლო მოსაშორებელი სენი მართლმადიდებლობააო" და ჩვენში ამ ბოლო დროს დატრიალებულმა ამბებმა ეს ფრაზა გამახსენა.
მამაო, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შინაგანი კავშირი ამ მოვლენებს შორის?
ეს ცნობილი გამონათქვამია ბჟეზინსკისა, რომელიც აშშ-ს ხუთი ბოლო პრეზიდენტის მრჩეველი და ერთერთი მთავარი იდეოლოგია. ამ ფრაზის შინაარსი მათი სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთი ძირითადი იდეაა, ჩვენში დაწყებული კამპანია კი ანტიეკლესიური ძალების მიერაა გაჩაღებული, და არსებითი მნიშვნელობა არც კი აქვს, ის წარმოშობით ამერიკელი იქნება, რუსი თუ ქართველი, მათ საერთო ნეობოლშევიკური სული აერთიანებთ.
-ხომ არ ფიქრობთ, რომ ხსენებულ მოვლენებს ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პრიზმიდან უნდა შევხედოთ და ეკლესიასა და ეროვნულობასთან ბრძოლაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
-ზოგადად, ქრისტიანი ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარი სულის ცხონებისთვის უნდა იღვწოდეს. ამასთან, იგი უნდა ზრუნავდეს საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობაზე და შვილებსაც ამ მსოფლმხედველობით უნდა ზრდიდეს. დღევანდელობაში კი გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ცდილობენ შვილების მორჩილება მობლებისადმი, "კომპლექსად შერაცხონ" და მათ შორის გარკვეული დაპირისპირება გამოიწვიონ. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია მცდელობისა, რომ მოშალონ ეკლესიური ცნობიერება და დანერგონ მისი საწინააღმდეგო, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. რა თქმა უნდა, ეს ანტიეროვნული კამპანია უკავშირდება გლობალიზაციასა და ინტეგრაციულ პროცესებს, რაც ანტიქრისტეს გამეფებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი ნიშანია. ჩვენ, მართლმადიდებლები კაცთმოყვარენი ვართ, მაგრამ ტოლერანტები ვერ ვიქნებით უცხო რჯულის შეწყნარების და საკუთარი რწმენის ღალატის ხარჯზე. კოსმოპოლიტური აზროვნებაც ასევე სავსებით მიუღებელია ჩვენთვის.
-მამაო, ამ გადასახედიდან, რა უნდა იყოს მართლმადიდებლური ქვეყნის აღმშენებლობის ქვაკუთხედი?
-მოკლედ ასე ვიტყოდი - უმთავრესია ჭეშმარიტი რწმენა და სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის კანონმდებლობა კი უნდა იყოს თანხმობაში ამ ორ უმნიშვნელოვანეს გრძნობასთან. ამის განსხეულებულ მაგალითად კი დავით აღმაშენებელისა და გიორგი ჭყონდიდელის - ორი უდიდესი წმინდანის ჰარმონიული ურთიერთობა გამოდგება, რომელიც საძირკვლად დაედო საქართველოს აღმშენებლობასა და ისტორიულ ოქროს ხანას ჩვენს სამშობლოში.
-დიდი მადლობა მამაო.